სლოვენიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების განმეორებით ჩატარებისკენ მოუწოდებს
16:05, 13.08.2020
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა ბელარუსის პრეზიდნეტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით არჩევნების განმეორებით ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განმეორებითი არჩევნები შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი საშუალებაა.
„ვფიქრობ, ბელარუსში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების თანდასწრებით არჩევნების განმეორებითი ჩატარებაა. თუ პრეზიდენტი ლუკაშენკო დათანხმდება ამას, ვითარებას გადაწყვეტდა“, – განაცხადა იანეზ იანშამ.
თავის მხრივ, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, აშშ და ევროკავშირი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებენ და იმედოვნებს, ერთობლივად შეიმუშავებენ ისეთ მიდგომას, რომელიც ბელარუსი ხალხისთვის საუკეთესო შედეგებს მოიტანს.