სლოვენიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
სლოვენიის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ გოლობის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
რობერტ გოლობს ბრალს პოლიციის საქმეებში ჩარევაში სდებენ, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციაზე არამართლზომიერი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაში.
სარჩელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ტატიანა ბობნარისა და პოლიციის უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ბოშტან ლინდავას ჩვენებებს ეფუძნება.
პრემიერ-მინისტრი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილი მინისტრი, თანამდებობიდან ორი წლის წინ გათავისუფლების შემდეგ, პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს.