სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე - მინდა, გავამხნევო საქართველო, გააგრძელოს გზა, რომელსაც უკვე დაადგა, შეამციროს პოლარიზაცია, გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობა
მინდა, გავამხნევო საქართველო, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელსაც უკვე დაადგა, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში, გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტმა, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გულწრფელი, მეგობრული და კონსტრუქციული მიდგომებისთვის, აზრთა გაცვლისთვის. მე ვარ სლოვენიის ეროვნული ანსაბლეის პირველი თავმჯდომარე, რომელიც სტუმრობს თქვენს ქვეყანას, რაც იმის ნიშანია, რომ გვინდა, გავაფართოოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე, რათა ჩვენი ერები, პარლამენტები რაც შეიძლება, მეტად დაახლოვდნენ და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ თანამშრომლობას გავაგრძელებთ მომავალშიც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო აღწევს ევროკავშირის წევრად გახდომის გზაზე. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე. სლოვენია მხარს უჭერს იმ გზას, რომელიც საქართველომ აირჩია და, საბოლოო ჯამში, შემოუერთდებით ევროკავშირს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ქვეყნის მომავალზე. ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე ღირებულებებს სცემენ პატივს – ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის გაძლიერებას და ა.შ. სლოვენიას ესმის საქართველოს მდგომარეობა, მისი რუსეთის წინაშე მდგომარეობა და განსაკუთრებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ მხრივ საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩიმ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა, რომელსაც უკვე დაადგა.
„ჩვენ შევხვდით ბატონ პაპუაშვილს პრაღაში, ძალიან ბევრი რამ გავიგე თქვენი ქვეყნის შესახებ და მადლიერი ვარ, რომ ეს ვიზიტი უკვე განხორციელდა საქართველოში. ჩვენ გვინდოდა, მაისში შევხვედროდით, მაგრამ კარგია, რომ ახლა განხორციელდა ეს ვიზიტი. სლოვენია ნატო-ს წევრი ქვეყანაა და მინდა, გავამხნევო საქართველო, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელსაც უკვე დაადგა, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში, გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობა. მოუთმენლად ველოდები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და იმედი მაქვს, როდესაც კანდიდატი ქვეყანა გახდებით, ისევ ჩამოვალ და პირადად მოგილოცავთ მთელს ქვეყანას“, – აღნიშნა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ.