მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო, სლოვენიის პარლამენტის დეპუტატმა თანამდებობა დატოვა
მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო, სლოვენიის პარლამენტის დეპუტატმა თანამდებობა დატოვა

მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო, სლოვენიის პარლამენტის დეპუტატმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

როგორც მმართველი პარტიის „მარიან შარეცის სიის“ დეპუტატმა დარიი კრაიჩიჩმა განმარტა, მაღაზიის პერსონალი მას უგულვებელყოფდა, ამიტომ გადაწყვიტა, უსაფრთხოების სისტემა გამოეცადა და დაწესებულება თანხის გადაუხდელად დატოვა.

სათვალთვალო კამერების არსებობის მიუხედავად, მაღაზიიდან სენდვიჩის ქურდობა შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა დეპუტატის მტკიცებით, მოგვიანებით ის ფულის გადასახდელად დაბრუნდა.

მომხდარი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც დეპუტატმა თავისი ქმედების შესახებ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე კოლეგებს უამბო. მოგვიანებით, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ბრან გოლუბოვიჩმა მომხდარი დაგმო და კრაიჩიჩის მიერ ჩადენილ ქმედებას მიუღებელი უწოდა.

„მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, ჩვენი პარტიის ეთიკური სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა გოლუბოვიჩმა.

კრაიჩიჩმა თავისი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ „სოციალური ექსპერიმენტის“ გამო წუხს.