„სლოვანმა“ სლოვენიის ჩემპიონი იოლად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
„სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის ჩემპიონს, „ცელიეს“ უმასპინძლა, 5:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც გუნდს ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან სწრაფად შეუერთდა, კვლავ სლოვაკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
პირველი შეხვედრა ლიუბლიანაში 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩის მე-16 წუთზე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ. ვლადიმირ ვაისის გუნდმა უპირატესობით მალე ისარგებლა – მე-17 წუთზე ანგარიში ტოლიჩმა გახსნა, ხოლო 30-ზე „სლოვანის“ უპირატესობა შტრელეცმა გაზარდა. ბრატისლაველებმა მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს – თავი მაკიმ (60), შტრელეცმა (72) და ბარსეგიანმა (75) გამოიჩინეს.
„სლოვანმა“ ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად 6:1 (1:1, 5:0) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო წრეში გავიდა, სადაც ლაშა დვალის აპოელ-ს დაუპირისპირდება.