სლოვაკურმა გაზის კომპანიამ, SPP-მ ხელი მოაწერა მოკლევადიან საპილოტე კონტრაქტს აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ
სლოვაკურმა გაზის კომპანიამ, SPP-მ ხელი მოაწერა მოკლევადიან საპილოტე კონტრაქტს აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ

სლოვაკეთის გაზის კომპანიამ, SPP-მ ხელი მოაწერა მოკლევადიან საპილოტე კონტრაქტს აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ. კომპანია განიხილავს გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმებას უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მოსკოვსა და კიევს შორის უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ექსპორტის შეთანხმების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, რის გამოც ევროპული კომპანიები ალტერნატიულ წყაროებს, მათ შორის აზერბაიჯანს განიხილავენ.

რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელება სურთ, კიევი კი უარს აცხადებს ამ საკითხზე მოლაპარაკებებზე.

სლოვაკური SPP აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის შეძენის კონტრაქტების დივერსიფიცირება მოახდინა და თანამშრომლობს ისეთს კომპანიებთან, როგორებიცაა BP, Exxon Mobil-ი, Shell-ი, Eni და RWE.

„აღმოსავლეთ მილსადენით გაზის მიწოდების შეწყვეტის მაღალი რისკის გამო ჩვენ მივმართავთ ზომებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოება ნებისმიერ პირობებში“, – განაცხადა SPP-ს გენერალურმა დირექტორმა, ვოიტეხ ფერენცმა.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში მათ დიფერენცირებული აქვთ სატრანზიტო მარშრუტები, რომელთა შორისაა გაზსადენი გერმანიიდან ჩეხეთის გავლით. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთის მარშრუტი „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გავლით, რომლითაც შესაძლებელი იქნება რუსული ან აზერბაიჯანული გაზის მიწოდება.