სლოვაკეთში სატვირთო მანქანების მძღოლები უკრაინასთან მთავარი სასაზღვრო გასასვლელის გადაკეტვას აანონსებენ
სლოვაკეთში სატვირთო მანქანების მძღოლები აანონსებენ, რომ პარასკევიდან უკრაინასთან ქვეყნის მთავარ სასაზღვრო გასასვლელს გადაკეტავენ, თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები უკრაინელ გადამზიდავებთან კონკურენციის შესაზღუდად. მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სატვირთო მანქანების ასოციაციის ხელმძღვანელი სტანისლავ სკალა ავრცელებს.
სტანისლავ სკალამ აღნიშნა, რომ მისი ჯგუფი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაელოდება ტრანსპორტის სამინისტროს რეაქციას.
სლოვაკეთის სატვირთო მანქანების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, 4 დეკემბერს ბრიუსელში ევროპელი ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, მაგრამ მას რაიმეს შეცვლის იმედი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ სატვირთო მანქანების პოლონელმა მძღოლებმა ამავე მიზეზით პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს. ისინი ითხოვენ ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული სატვირთო მანქანების შესვლის ლიცენზიის ხელახლა შემოღებას, ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო მომარაგების გარდა. აღნიშნული ლიცენზია გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუქმდა.