სლოვაკეთში რობერტ ფიცოს მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები კულტურის მინისტრის, მარტინა შიმკოვიჩოვას გადადგომას ითხოვენ, რომელმაც მოულოდნელად თანამდებობიდან სახელმწიფო თეატრებისა და გალერეების ხელმძღვანელები გაათავისუფლა.
აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დემონსტრაციაში 18 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, რობერტ ფიცოს მიერ 2023 წელს კულტურის მინისტრად დანიშნული მარტინა შიმკოვიჩოვა ნაციონალისტური განწყობებითაა ცნობილი. როგორც ის აცხადებს, სურს „ნაციონალური სლოვაკური კულტურის“ წინ წაწევა, ხოლო „გენდერული მანია“ და „ლგბტ დღის წესრიგი“ სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება. გარდა ამისა, შიმკოვიჩოვამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ბელარუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუქმდა.
კულტურის მინისტრის გადადგომის გარდა, აქციის მონაწილეები სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიციირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური დანაშაულისთვის სასჯელი შემსუბუქდება. კერძოდ, ამ ტიპის დანაშაულში ბრალდებულები ჯარიმას გადაიხდიან და ციხეში ყოფნა აღარ მოუწევთ. ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ რეფორმა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებული პირების თანამდებობებზე დანიშვნის შესაძლებლობას მისცემს.
ცნობისთვის, რობერტ ფიცო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 2023 წელს მესამედ გახდა. ოპოზიცია მას პრორუსული პოზიციების გატარებაში ადანაშაულებს. 2024 წლის მაისში ფიცოს თავს დაესხნენ, მას ოთხი ტყვია ესროლეს.