სლოვაკეთში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ოთხი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სლოვაკეთში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ოთხი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შესაბამის ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს,
„სახალხო პარტია-ჩვენი სლოვაკეთის“ ლიდერი მარიან კოტლება დანაშაულს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, კოტლებას წინააღმდეგ ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 2017 წელს სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს 1 488 ევროს ოდენობის ჩეკები გადასცა. რიცხვი 14 88 ნეონაცსტებისა და თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგიის მიმდევართათვის სიმბოლური მნიშვნელობისაა.
„სახალხო პარტია-ჩვენი სლოვაკეთი“ სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეოთხე ადგილზე გავიდა. პარტიას ამომრჩეველთა რვა პროცენტმა მისცა ხმა და მას სლოვაკეთის 150-ადგილიან პარლამენტში 17 მანდატი აქვს. ასევე პარტია ფლობს ორ ადგილს ევროპარლამენტში. ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები იყენებენ მისალმების ნაცისტურ ჟესტს და სლოვაკეთის ევროკავშირიდან და ნატო-დან გასვლას უჭერენ მხარს.