სლოვაკეთში მოკლული გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები გაიმართა
სლოვაკეთში მოკლული გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები გაიმართა

სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის ორი წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

2018 წელს მოკლული კუციაკისა და მისი საცოლის ხსოვნის ნიშნად აქციები გაიმართა ბრატისლავასა და სლოვაკეთის სხვა ქალაქებში. მომიტინგეებს ხელში ეკავათ მოკლული ჟურნალისტის ფოტოები და პლაკატები მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ლოზუნგებით.

ბრატისლავაში გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს იან კუციაკის ნათესავებმაც. მოკლულის მამამ დემონსტრანტებს 29 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

იან კუციაკი და მისი საცოლე 2018 წლის 21 თებერვალს მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის უკან გავლენიანი ბიზნესმენი მარიან კოჩნერი დგას. ბიზნესმენი და კიდევ სამი ბრალდებული დაკავებულები არიან. მათგან ერთ-ერთი მკვლელობის შემსრულებელია, რომელმაც დანაშაული აღიარა და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუციაკი სლოვაკეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციულ სქემებზე მუშაობდა და მთავრობის მაღალჩინოსნების მაფიასთან კავშირის შესახებ წერდა. მკვლელობამ სლოვაკეთში საპროტესტო გამოსვლები და პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს გადადგომა მოჰყვა. თუმცა მისი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია კვლავ ხელისუფლებაში რჩება. დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიის რეიტინგი შემცირდა.

სლოვაკეთის მოქმედი პრემიერი პეტერ პელეგრინი ოპოზიციას დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოკლული ჟურნალისტის სახელის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.