სლოვაკეთში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით გადაწყვეტენ, რომელ ქვეყნებს გაუხსნიან საზღვრებს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სიიდან
სლოვაკეთის ხელისუფლება ცენტრალური კრიზისული შტაბის რეკომენდაციებისა და ადგილობრივი ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ქვეყნებს გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სიიდან. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, მესამე ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს მოგზაურობასთან დაკავშირებით.
„სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს „კოვიდ-19“-ის პანდემიის სამართავად, როგორც შენგენის ზონის აღდგენისა და ევროკავშირში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად, ისე მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა.
ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.