სლოვაკეთში, ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს
სლოვაკეთში, გამომძიებელ-ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც სააგენტო Aktuality-ი იტყობინება, ამის შესახებ სლოვაკეთის პოლიციის უფროსმა ტიბორ გაშპარმა განაცხადა.
როგორც პრესკონფერენციაზე გაშპარმა აღნიშნა, სამართალდამცველები ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიების პროცესში ცხელ კვალს დაადგნენ.
პოლიციის უფროსის თქმით, გამოძიება ფლობს ინფორმაციას, რომ გასულ პარასკევს ნარკოტიკთან დაკავშირებული სხვა დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი ორი პირი საუბრობდა, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა.
როგორც ცნობილია, სწორედ ამ დასახლებულ პუნქტში მოკლეს ჟურნალისტი და მისი მეგობარი. გაშპარის განცხადებით, პოლიციამ ჩაატარა რეიდები, რა დროსაც სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა, ასევე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. მისი თქმით, ჯერ გაურკვეველია, აქვს თუ არა დაკავებულს პირდაპირი კავშირი მკვლელობასთან.
გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკი და მისი მეგობარი ქალი 26 თებერვალს მოკლეს. პოლიცია მკვლელობის ძირითად ვერსიას ჟურნალისტის საქმიანობას ასახელებს. სლოვაკეთის მთავრობამ მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა.
27 წლის იან კუჩაკი და მარტინა კუსნიროვა ბრატისლავას მახლობლად მდებარე სოფელში, სახლში მოკლეს.
კუციაკი სააგენტო Aktuality.sk-ის რედაქციაში მუშაობდა. მისი ბოლო სტატია 9 თებერვალს გამოქვეყნდა და ბრატისლავაში მდებარე ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსთან დაკავშირებულ საგადასახადო თაღლითობას ეხებოდა.