სლოვაკეთში დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და სპეციალური პროკურატურის გაუქმებას
სლოვაკეთში დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და სპეციალური პროკურატურის გაუქმებას

სლოვაკეთში დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და სპეციალური პროკურატურის გაუქმებას, რომელიც იძიებს სერიოზულ დანაშაულებსა და კორუფციას.

პარლამენტის 150 წევრიდან 78-მა მხარი დაუჭირა გეგმას, რომლის მიხედვითაც სპეციალური პროკურატურა, რომელიც ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა ქრთამის აღება, ორგანიზებული დანაშაული და ექსტრემიზმი, გაუქმდება.

მმართველმა კოალიციამ ცვლილებები შეიტანა სწრაფი საპარლამენტო პროცედურის გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ განიხილება ექსპერტებისა და პროცესში ჩართული სხვა პარტიების მიერ, მმართველმა კოალიციამ ასევე შეზღუდა საპარლამენტო დებატების დროც.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომ ასეთი საქმეები გადაეცემა რაიონულ პროკურატურებს, რომლებსაც მსგავსი დანაშაულები, 20 წელია, არ განუხილავთ. ეს ასევე გულისხმობს კორუფციულ და სხვა დანაშაულებზე სასჯელის შემსუბუქებას.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ განაცხადა, რომ ცვლილებები საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და შესაძლოა, საზოგადოებას „არაპროგნოზირებადი“ ზიანი მიაყენოს.

ამასთან, ევროპელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ სლოვაკეთის გეგმები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებსა და მის ანტიკორუფციულ სისტემას.

ამასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის 30-ზე მეტ ქალაქში, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციაში 30 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.