სლოვაკეთში ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე ქვეყნის შსს-მ თანამდებობის პირების უსაფრთხოება გააძლიერა
სლოვაკეთში ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამდებობის პირების უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სლოვაკეთის შსს-ში არ აკონკრეტებენ ვის და რა ფორმით შეეხება აღნიშნული ზომები.
„იძულებული გავხდით, კიდევ ერთხელ მიგვეღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის უსაფრთხოებისთვის, რათა არ განმეორდეს 15 მაისის მსგავსი ინციდენტი“, – განაცხადა ქვეყნის შს მინისტრმა, მატუს შუტაი ეშტოკმა.
2024 წლის მაისში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოხდა, მას ოთხი ტყვია ესროლეს.
რაც შეეხება ანტისამთავრობო აქციებს, ქუჩაში გამოსულები სლოვაკეთის კულტურის მინისტრის, მარტინა შიმკოვიჩოვას გადადგომას ითხოვენ, რომელმაც მოულოდნელად თანამდებობიდან სახელმწიფო თეატრებისა და გალერეების ხელმძღვანელები გაათავისუფლა.
აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დემონსტრაციაში 18 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
კულტურის მინისტრის გადადგომის გარდა, აქციის მონაწილეები სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიციირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური დანაშაულისთვის სასჯელი შემსუბუქდება.