სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დღეს საუბარი არარეალურია
სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომლის პარტიასაც ამ კვირაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა.
„როიტერთან“ საუბარში ფიცომ თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მუშაობა მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ომია, არარეალურია.
„მომავალში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდინოთ, რომ უკრაინას ექნება მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის წევრობაც, მაგრამ ამისთვის მან უნდა შეასრულოს ყველა ის პირობა, რომლებსაც სხვა ქვეყნები ასრულებენ“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, უკრაინა „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა“ და მისი დღევანდელი მმართველობა „შორსაა დემოკრატიული სტანდარტებისგან“.
სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთი ვეტოს დაადებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგანაც, მისივე თქმით, „ჩვენ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომი“.
რობერტ ფიცო ასევე არ უჭერს მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია 30 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს.