სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი - საქართველოს მომავალს ევროკავშირში ვხედავთ, როცა კრიტერიუმები შესრულებული იქნება, შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი - საქართველოს მომავალს ევროკავშირში ვხედავთ, როცა კრიტერიუმები შესრულებული იქნება, შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ

კრიტერიუმები როცა შესრულებული იქნება, ჩვენ უნდა გავუღოთ კარი უკრაინასა და მოლდოვას. თუ საქართველო დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა, ჰეტერ მისიკმა განაცხადა სტოკჰოლმში, არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე, სადაც ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას წარადგენს.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„დღეს ორ საკითხზე ვიმსჯელებთ. პირველი არის გაფართოება, მეორე საკითხია უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის შეფასება, ასევე, საქართველოს, რომელსაც სურს კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენი აზრით, მაშინ, როცა კრიტერიუმები შესრულებული იქნება, ჩვენ უნდა გავუღოთ კარი უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ უნდა გვყავდეს ეს ქვეყნები იმისთვის, რომ სამუდამოდ დავაღწიოთ თავი საბჭოთა მემკვიდრეობას. ჩვენი ქვეყნები, რა თქმა უნდა, მზად არიან ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. როგორც ვიცით, 12-დან სამი კრიტერიუმი შესრულებულია. ასე რომ, არის საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს. როცა კრიტერიუმები შესრულებული იქნება, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარი ღიაა, მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მოვემზადოთ ამისთვის და, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებზე, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ შეასრულონ აუცილებელი კრიტერიუმები. როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება, ჩვენ ამ ქვეყნებს უნდა მივცეთ საშუალება, გაწევრიანდნენ. ეს ეხება ევროკავშირის მომავალს“, – აღნიშნა სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანმა.