სლოვაკეთის საკანონდებლო ორგანომ შეცდომით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში უცხო ქვეყნების ჰიმნების შესრულებას კრძალავს
სლოვაკეთის უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში შეცდომით მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანაში უცხო ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს.
კანონის თანახმად, უცხო ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ ღონისძიებას ოფიციალური დელეგაციები დაესწრებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ჯარიმის სახით 7 ათასი ევრო დაწესდა.
სლოვაკეთის პარლამენტში აღნიშნულ კანონპროექტს მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირეს. მისი ინიციატორები სლოვაკეთის „ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ცნობილია, მათ ქვეყნის ეროვნული სიმბოლოების დაცვის მიზნით კანონში ცვლილებების შეტანა სურდათ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დოკუმენტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ქვეყანაში უცხო ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს.
დეპუტატების განმარტებით, ისინი კანონპროექტის ინიციატორებს ენდნენ და დოკუმენტს დეტალურად არ გაცნობიან.
სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულმა კანონმა ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია. სტატისტიკის თანახმად, სლოვაკეთის მოსახლეობის 8 პროცენტი ეთნიკურად უნგრები არიან. ისინი უნგრეთის ეროვნულ ჰიმნს სპორტულ ღონისძიებებზე, ეკლესიებში და სხვადასხვა შეკრებაზე ხშირად ასრულებენ. ეთნიკურად უნგრელი კანონმდებლები სლოვაკეთის პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.
ახალი კანონი ძალაში 15 მაისიდან უნდა შევიდეს.