სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს გეგმავს პარტიებთან და მოუწოდებს მათ, ახალი მთავრობის ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა. მისი თქმით, ასევე განიხილება ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რათა საზოგადოებაში მთავრობის მიმართ დაკარგული ნდობის აღდგება მოხერხდეს. ამის მიზეზი საგამოძიებო ჟურნალისტის მკვლელობაა, რომელმაც საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია.
ათასობით ადამიანი გამოვიდა ბრატისლავასა და სხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობით იან კუჩიაკის მკვლელობის გასაპროტესტებლად, რომელიც ბოლო დროს სლოვაკეთში იტალიელი მაფიოზი ბიზნესმენების კავშირებს იძიებდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით, სლოვაკეთის კულტურის მინისტრი, მარეკ მადარიკი, რომელიც წლების განმავლობაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პარტიის წევრი იყო, თანამდებობიდან გადადგა.
გარდა ამისა, კიდევ ორმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა, რომლებიც მოკლული ჟურნალისტის, იან კუჩიაკის საგამოძიებო ანგარიშში ფიგურირებდნენ, თანამდებობები დატოვეს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვილიამ იასანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მარია ტროსკოვა აცხადებდნენ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ჟურნალისტის მკვლელობასთან.
კუჩიაკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მასალების მიხედვით, ამ ორ პოლიტიკოსს მთავრობაში მოსვლამდე კავშირები ჰქონდა იტალიელ ბიზნესმენთან. თუმცა, ამ ანგარიშში საუბარი არ იყო რაიმე დანაშაულის შემცველ ქმედებებზე.
მათ გადადგომის გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრისა და ოპოზიციონერი პარტიების მოწოდებების შემდეგ მიიღეს.
27 წლის კუჩიაკი ბიზნესმენებისა და სლოვაკი პოლიტიკოსების კავშირებზე მუშაობდა. ის და მისი მეგობარი გოგონა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილები იპოვეს.