სლოვაკეთის პრეზიდენტი - პოლიტიკოსები რუსეთის ჯაშუშების საქმიანობაზე თვალს ხუჭავენ
ევროკავშირის ქვეყნები თავიანთ პოლიტიკაში რუსეთის ჩარევას ყურადღებას არ აქცევენ – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ანდრეი კისკას თქმით, რეგიონის პოლიტიკაში მოსკოვის დესტაბილიზაციის ეფექტი, ევროპის ქვეყნებს რუსეთის ენერგიაზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.
„ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ჩვენ ქვეყნებში რუსეთის ჯაშუშების საქმიანობაზე, ბევრი პოლიტიკოსი კი, მათ შორის ჩემ ქვეყანაში ამაზე თვალს ხუჭავს. ჩვენ წინაშეა პროპაგანდა და სიცრუის ტირაჟირება“, – აღნიშნა კისკამ.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთისა და უნგრეთისგან განსხვავებით, სლოვაკეთმა თავიდან აირიდა ბრიუსელთან უთანხმოება კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, მაგრამ ცენტრალური ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სკანდალის დროს ქვეყნიდან არცერთი რუსი დიპლომატი არ გაუძევებია.