სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია - რობერტ ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
არსებული ცნობით, მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა.
სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.