სლოვაკეთის პრემიერი - სლოვაკეთში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების უმეტესი წილი, ვირუსის ახალ, ბრიტანულ ვარიანტზე მოდის
სლოვაკეთში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების უმეტესი წილი, ვირუსის ახალ, ბრიტანულ ვარიანტზე მოდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც იგორ მატოვიჩმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლებამ 3 თებერვალს ვირუსის გამოსავლენად ჩატარებული ყველა დადებითი ტესტის პასუხი შეამოწმა, რითაც დადგინდა, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების 74%-ს კორონავირუსის ბრიტანული შტამი შეადგენდა.
როგორც მატოვიჩმა აღნიშნა, სლოვაკეთი ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც „კოვიდ-19“-ისა და ვირუსის მუტირებული შტამის პროპორცია უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სლოვაკეთში.
იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში გადაადგილება და სამსახურებში სიარული შეძლონ, 1-3 კვირის ინტერვალით კორონავირუსზე ტესტის ჩატარება აუცილებელია. ტესტირების ინტერვალის ხანგრძლივობა ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დამოკიდებული. არსებული ინფიცირების მაჩვენებლებისა და შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სლოვაკეთში 8 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და სკოლების ნაწილი იხსნება.
ცენტრალური ევროპის ამ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.