სლოვაკეთის პრემიერი გიორგი გახარიას - წარმატებებს გისურვებთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის, უშრეტი ენერგიითა და ენთუზიაზმით
სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნისთვის ზიარი ინტერესების სულისკვეთებით, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, სადაც მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკა კვლავ მზად არის საქართველოს შემდგომი დახმარებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნისთვის ზიარი ინტერესების სულისკვეთებით. მინდა გარწმუნოთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა კვლავ მზად არის თქვენი შემდგომი დახმარებისთვის, რათა საქართველომ ინტეგრაციის ამბიციები დაიკმაყოფილოს. აქვე გიდასტურებთ განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ წარმატებები გისურვოთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის, ძლიერი ჯანით, უშრეტი ენერგიითა და ენთუზიაზმით“, – აღნიშნულია სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.