სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც მასზე 15 მაისს თავდასხმა მოხდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა პოლიტიკურ დაძაბულობაში ოპონენტები და მედია დაადანაშაულა.
„მე ტრავმა მაქვს, მაგრამ არა თავდასხმის გამო. ტრავმირებული ვარ ოპოზიციით და ზოგიერთი მედიასაშუალებით, რადგან ისინი ქმნიან ანალოგიური ისტორიის რეპეტიციის გარემოს. ამის მეშინია ყველაზე მეტად, არაერთხელ ვთქვი ეს. მე აქ მოგონების გამო არ მოვსულვარ, ჩამოვედი აქ სტანდარტული სამუშაო ვიზიტით და მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო დამხვდა“, – განაცხადა ფიცომ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორიენტირებული იყო რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. რობერტ ფიცოს ვიზიტის დროს ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა ქალაქ ჰენდლოვაში 15 მაისს მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა.