სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას

სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ის საარჩევნო კამპანიის დროსაც საუბრობდა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკურ გამოცემა Aktuality-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ასეთი განცხადება რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების წინაშე გააკეთა.

„უმჯობესია, ათი წლის განმავლობაში აწარმოონ მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ, ვიდრე ათი წელი ხოცონ ერთმანეთი უშედეგოდ“, – განაცხადა მან.

სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ომის ამ ეტაპზე რუსეთს უფრო მეტი ტერიტორიული მიღწევები აქვს, ვიდრე უკრაინას.

სლოვაკელი კანონმდებლების წინაშე საუბრისას რობერტ ფიცომ თქვა, რომ არ აპირებს მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს ევროკავშირის ქვეყნებზე მათი გავლენის შეფასების გარეშე.