სლოვაკეთის პარლამენტმა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი
სლოვაკეთის პარლამენტმა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი. რეზოლუციას მხარდაჭერა 130-მა დეპუტატმა გამოუცხადა.
რეზოლუცია პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედიას მოუწოდებს, პატივი სცენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თავი შეიკავონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ სიძულვილის გავრცელებისგან.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ქალაქ ჰანდლოვაში 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პრემიერი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იქ შეკრებილ ადამიანებთან მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ესროლა.
ფიცო დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში, სადაც მას ხუთი საათის განმავლობაში ქირურგების ორი ჯგუფი ოპერაციას უტარებდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ის 71 წლის იურაი ცინტულაა. იგი თავდასხმის მოტივად რობერტ ფიცოს პოლიტიკით უკმაყოფილებას ასახელებს.