სლოვაკეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკოსებისა და სხვა პირების დაცვას გააძლიერებს, ხელისუფლებას პოლიტიკოსების სახლებთან აქციების აკრძალვის უფლება ექნება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმის შემდეგ ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკოსებისა და სხვა პირების დაცვას გააძლიერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
ზომები, რომლებიც კოალიციურმა მთავრობამ 12 ივნისს შეათანხმა, 15 ივლისიდან, პრეზიდენტის თანამდებობაზე ფიცოს ახლო მოკავშირის, პეტერ პელეგრინის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას ექნება უფლება, აკრძალოს საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების სახლებთან. დემონსტრაციები აკრძალული იქნება მთავრობისა და პრეზიდენტის რეზიდენციებთან. დაცვით ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, გენერალური პროკურორი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე. პრემიერ-მინისტრები და პარლამენტის სპიკერები, რომლებიც, სულ მცირე, ორი ვადით იმსახურებენ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფოსგან რეგულარულ ანაზღაურებას მიიღებენ. აღნიშნული შეღავათით ამჟამად მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ.
საკანონმდებლო პაკეტს აკრიტიკებენ ოპოზიციონერები და უფლებადამცველები, მათ შორის, ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეთა აზრით, ეს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. მას ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი პატიმრობაში იმყოფება.