სლოვაკეთის „ნაციონალურმა პარტიამ“ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც სკოლებში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს
სლოვაკეთის „ნაციონალურმა პარტიამ“ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელის მიხედვითაც, მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რას ეწოდება „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“, აიკრძალოს მისი პროპაგანდა და მსგავსი იდეების სკოლაში გავრცელება.
კანონპროექტის მიხედვით, კანონის დარღვევის შემთხვევაში სკოლები 30 000 ევროთი დაჯარიმდებიან.
„სლოვაკეთი ეფუძნება ტრადიციულ ღირებულებებს, ასევე ეყრდნობა კონსტიტუციის 41-ე მუხლს, სადაც დადგენილია ქორწინების უფლება მამაკაცსა და ქალს შორის. ამ ფასეულობების კონტექსტში კანონპროექტი მიზნად ისახავს, დაიცვას ბავშვები და ახალგაზრდები იმ გავლენისგან, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის პრინციპებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
„ნაციონალურმა პარტიამ“ კანონპროექტი სლოვაკეთის განათლების მინისტრთან შეთანხმების გარეშე წარადგინა, რასაც განათლების მინისტრმა, ტომას დრაკერმა კოალიციური შეთანხმების დარღვევა უწოდა.
„ევროაქტივთან“ საუბარში ლგბტ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარტინ მაკკო აცხადებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვერ აღმოიფხვრება განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები. მაკკოს თქმით, დაიწყება ლგბტ ახალგაზრდების ბულინგი და რადიკალიზმი.