სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტი - შოკირებული ვართ პრემიერ ფიცოზე საშინელი თავდასხმით, სიძულვილის რიტორიკამ, რომელსაც ვხედავთ საზოგადოებაში, გამოიწვია სიძულვილის ქმედებები, შევაჩეროთ ეს
სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის გამო შოკირებულია.
მისივე თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტის შეფასებით, სიძულვილის რიტორიკამ, რომელიც ჩანს საზოგადოებაში, გამოიწვია სიძულვილის ქმედებები.
„ყველა შოკირებული ვართ პრემიერ-მინისტრ ფიცოზე საშინელი თავდასხმით. მოხდა ძალიან სერიოზული რამ, რაც ჩვენ ჯერ ვერც კი გავაცნობიერეთ. ფიზიკური თავდასხმა პრემიერ-მინისტრზე, უპირველეს ყოვლისა, არის პიროვნებაზე თავდასხმა, თუმცა ასევე ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. სიძულვილის რიტორიკამ, რომელსაც ვხედავთ საზოგადოებაში, გამოიწვია სიძულვილის ქმედებები. გთხოვთ, შევაჩეროთ ეს.
პოლიციამ დამნაშავე დააკავა და აუცილებლად გაასაჯაროებს მეტ ინფორმაციას, როდესაც შესაძლებელი იქნება. მანამდე, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და იფიქრეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე ამ მომენტისთვის, რომ რობერტ ფიცო რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს“, – აცხადებს ზუზანა ჩაპუტოვა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.