სლოვაკეთის მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა
სლოვაკეთის მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა

სლოვაკეთის მმართველი პარტია „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. როგორც „ევროაქტივი“ წერს, სახელისუფლო პარტიის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წელიწადში 5 000 ევროზე მეტო ოდენობის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, „უცხოეთიდან მხარდაჭერის მქონე ორგანიზაციებს უწოდებენ“.

სლოვაკეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას. კერძოდ, შეიცვლება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშისა და დონორების შესახებ გასაჯაროებული ინფორმაციის შინაარსი.

„ამ ინიციატივის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების მთავარი ელემენტია“, – ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში.

სლოვაკეთის მმართველი პარტია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობის უფლება შეუჩერდეთ. ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება უფლება, გააუქმოს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც არ შეასრულებენ წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულებას.

სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პალატამ მოუწოდა მთავრობას და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, უარყოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა, რადგანაც ის დისკრიმინაციულია და არ შეესაბამება როგორც სლოვაკეთის, ისე ევროპულ კანონმდებლობას. სლოვაკეთში ფონდ „ღია საზოგადოების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებები 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის მსგავსია.

ცნობისთვის, 2017 წელს ანალოგიური კანონი მიიღეს უნგრეთში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, უცხოეთიდან წელიწადში 24 000 ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსებას მიღების შემთხვევაში დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთიდან მხარდამჭერის მიმღები ორგანიზაციები“. 2021 წელს უნგრეთს მისი გაუქმება მოუწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბუდაპეშტმა ევროკავშირისგან ოფიციალური გაფრთხილება მიიღო, ხოლო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ეს შეზღუდვები არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. ამასთან, როგორც „ევროაქტივი“ წერს, რამდენიმე დღის წინ ალბანეთში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში შექმნიან საპარლამენტო კომისიას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხო ქვეყნების გავლენისა და მათი დაფინანსების საკითხებს შეისწავლის.