სლოვაკეთის კულტურის მინისტრი ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობიდან გადადგა
სლოვაკეთის კულტურის მინისტრი ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობიდან გადადგა

სლოვაკეთის კულტურის მინისტრი, მარეკ მადარიკი, რომელიც წლების განმავლობაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პარტიის წევრი იყო, თანამდებობიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილება ჟურნალისტის მკვლელობას უკავშირდება.

ამის გარდა, კიდევ ორმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა, რომლებიც მოკლული ჟურნალისტის, იან კუჩიაკის საგამოძიებო ანგარიშში ფიგურირებდნენ, თანამდებობა დატოვეს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვილიამ იასანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მარია ტროსკოვა აცხადებენ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ჟურნალისტის მკვლელობასთან.

კუჩიაკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მასალების მიხედვით, ამ ორ პოლიტიკოსს მთავრობაში მოსვლამდე კავშირები ჰქონდა იტალიელ ბიზნესმენთან. თუმცა, ამ ანგარიშში საუბარი არ იყო რაიმე დანაშაულის შემცველ ქმედებებზე.

მათ გადადგომის გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრისა და ოპოზიციონერი პარტიების მოწოდებების შემდეგ მიიღეს.
27 წლის კუჩიაკი ბიზნესმენებისა და სლოვაკი პოლიტიკოსების კავშირებზე მუშაობდა. ის და მისი მეგობარი გოგონა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილები იპოვნეს.

პოლიციის განცხადებით, მკვლელობა სავარაუდოდ ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდებოდა.