სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას.
„მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება, დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშვნა, რომელმაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე სურვილი ოფიციალურად გამოხატა. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაზრდა, რათა აუცილებელი კრიტერიუმები შესრულდეს“, – აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.