შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 5 პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.ქ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ფ., თაღლითობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სლოტ-კლუბში სათამაშო აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს, თაღლითური გზით 10 760 ლარი მოიგეს, შემდეგ მოგებული თანხა აიღეს და შენობა დატოვეს. კლუბის თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს და სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიციამ ხუთივე პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხელ კვალზე დააკავა.
დადგინდა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის დეკემბერში, მსგავსი თაღლითური სქემის გამოყენებით, სხვადასხვა ოდენობის თანხას რამდენჯერმე დაეუფლნენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.