სკრიპალების მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა
სკრიპალების მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ  აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა

რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, სანქციები 27 აგვისტოს ვაშინგტონის დროით, შუაღამიდან ამოქმედდა.
აშშ-ის შეზღუდვები რუსეთისთვის ფინანსურ დახმარებას, იარაღისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვას, ასევე კრედიტების გამოყოფას კრძალავს.

„ნაციონალური უსაფრთხოების“ გათვალისწინებით, სანქციები არ ვრცელდება კოსმოსში თანამშრომლობისთვის საჭირო ტექნიკაზე, ასევე სამოქალაქო ავიაციის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო პროდუქციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 8 აგვისტოს დააანონსა. სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციების პირველი ეტაპის ამოქმედებიდან 90 დღის შემდეგ შესაძლოა, მეორე პაკეტი ამოქმედდეს, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ამავე დროს, აშშ-ის კონგრესში კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავენ.