სკოპიეში ათასობით ადამიანი ქვეყნის სახელწოდების შესაძლო ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა
სკოპიეში ათასობით ადამიანი კვლავ ქვეყნის სახელწოდების შესაძლო ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „ჩვენ მაკედონიელები ვართ“.
დემონსტრანტები სკოპიეს ცენტრში ალექსანდრე მაკედონიის ძეგლთან შეიკრიბნენ.
მომიტინგეები საბერძნეთთან მოსალოდნელ შეთანხმებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც მაკედონიამ შესაძლოა, სახელწოდება შეიცვალოს. აქციის მონაწილეებმა ათენთან მოლაპარაკებების შეწყვეტა და გაერო-სგან ქვეყნის სახელწოდებად „მაკედონიის“ აღიარება მოითხოვეს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.
თებერვლის დასაწყისში მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაკედონია მზად არის, საბერძნეთთან დავის დასარეგულირებლად ქვეყნის სახელწოდებას გეოგრაფიული დაზუსტება დაამატოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ახალ სახელწოდებად რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი მაკედონია და ზემო მაკედონია.
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია დავის საგანია. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.