სკოლის პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, პარლამენტთან აქციას მართავენ
სკოლის პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, პარლამენტთან აქციას მართავენ. მასწავლებლები განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ და ხელისუფლებისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, დროებით ხელშეკრულებაზე გადადიან, ხოლო ახალი კადრის გამოჩენის შემდეგ სკოლის დატოვება უწევთ.
„ღირსება შემელახა. 30 წელი ვიმუშავე სკოლაში. უნარები ჩაბარებული მაქვს. ყველა რეფორმა, რაც განათლების სისტემაში ჩატარდა, ყველაფერი გავლილი მაქვს, მაგრამ პროფესიულ საგანზე სამი წელია, მაკლდება სამი ქულა. განათლების სამინისტროს მივმართავ თხოვნით, რომ ეს სამი ქულა ან ტრენინგით, ან გადამზადებით ან რაღაცა გზა გამონახონ, რომ მე ეს სამი ქულა დავფარო. გული მწყდება. მე წლები დამჭირდა, რომ მასწავლებლად ჩამოვყალიბებულიყავი და უცოდინრის სტატუსით რატომ უნდა წავიდე სკოლიდან“, – განაცხადა დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნინო ხუბუამ.
შეკრებილ მასწავლებლებს შორის არიან პედაგოგები, რომლებმაც გამოცდების შინაარსის ცვლილებასაც მოითხოვენ.
„25 წელია, სკოლაში ვმუშაობ. საგანი ჩავაბარე, მაგრამ ჩემგან და ზოგადად სპორტის ყველა მასწავლებლისგან ითხოვენ მერხთან მუშაობის უნარს. რა თქმა უნდა, მერხთან არ მიწევს მუშაობა. ვმუშაობ დარბაზში და იქ, რაც ვიმუშავე, 200-მდე დიპლომი მაქვს მოსწავლის. ვარ დიპლომირებული მასწავლებელი და ასევე სხვადასხვა სახეობის სპორტის ოსტატი, მეტი რა უნდა ვქნა. სხვა საგნების მასწავლებლები აბარებენ ამ პროფესიულ უნარებს, მაგრამ სპორტის მასწავლებლებს ეს გამოცდა უნდა გვქონდეს სხვა კუთხით. ეს უნდა გადაიხედოს. სხვა კუთხით ჩამიტარონ ეს მეორე გამოცდა“, – აცხადებს ფიზიკური აღზრდის პედაგოგი არსენ ნიკოლაძე.