სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ
სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ

სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ.

I-VI კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მოსწავლეებთან ერთად, თბილისის 61-ე სკოლაში დაესწრო.

2018-2019 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და I-VI კლასების ახალი პროგრამები ამოქმედდება.

მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგა შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები.

მისივე განცხადებით, ახალი სახელმძღვანელოები ევროპული სტანდარტებით დაიბეჭდა და მათი წონა ფაქტობრივად განახევრებულია, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

„გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი, საბეჭდი ქაღალდი გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. ახალი წიგნები გამოირჩევა აქტივობების მრავალფეროვნებით, შედგენილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით, შეესატყვისება მოსწავლეთა ასაკს და ითვალისწინებს მოსწავლეთა უნარების განვითარებას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით. რაც შეეხება სხვა საფეხურებს, საბაზო საფეხურის ახალ პროგრამებზე მუშაობა დასრულებულია და მომავალი წლიდან VII-IX კლასებშიც ახალი სახელმძღვანელოები გვექნება. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საშუალო საფეხურის პროგრამებზე”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.