სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გრანპრის მფლობელი ქალაქ საჩხერის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი გახდა
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 19 სექტემბერს, განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით.
ღონისძიებაზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული დირექტორი, გრანპრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელი გახდა, ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი, ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელები არიან, გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი; ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.
გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი, პრიზის სახით გადაეცათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარს შეადგენს.
„კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc), თიბისი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“, – ნათქვამია განათლების კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.