სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი დღეს ხელმეორედ უყრის კენჭს
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განმეორებით კენჭისყრაზე დადგება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.
მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
„განათლების შესახებ კანონის მიღების დროს კენჭისყრაზე საკმარისი ხმების მოგროვება ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. როგორც კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, ეს აკუსტიკის ბრალი იყო, რაც სამწუხაროდ, მოსაგვარებელია და ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. კანონების რაოდენობა, რომელსაც უმრავლესობა კონსულტაციების შედეგად ხმას არ ვუჭერდით, იყო დაახლოებით ოთხი. სწორედ ამის შემდეგ მოდიოდა კანონი ზოგადი განათლების შესახებ. რადგან ვერ გაიგეს სპიკერის მიერ კანონის დასახელება, სწორედ ამის გამო მოხდა ტექნიკური ხარვეზი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა ზოგადი განათლების კანონპროექტის ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდნას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
„ფაქტობრივად სამი თვის წინ გამოაცხადეს მთავრობის წევრებმა, რომ სკოლის მოსწავლეებს გამოცდა არ ექნებოდათ დამამთავრებელ კლასში. კანონი აქამდე არ იყო გატანილი. წინა კვირას დაჩქარებული წესით მოითხოვეს განხილვა. უმრავლესობის წევრები პასუხისმგებლობით უბრალოდ არ მოეკიდნენ ამ საკითხს. აკუსტიკის გამო ამ კანონპროექტის ჩავარდნა არის უპასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა წარმოადგენდა არგუმენტირებულ გეგმას სკოლის რეფორმასთან დაკავშირებით, კანონპროექტს დავეთანხმებოდით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
კანონპროექტით, იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.