სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება, მესამე მოსმენით 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, კანონპროექტის კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვერ ესწრება, რადგან ამ წუთებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს.

„ვწუხვარ, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა კანონპროექტის საბოლოო ეტაპი, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ საშუალება არ მოგვეცა, ერთი საათი კანონპროექტის კენჭისყრისთვის დაგვეთმო. პირობას გაძლევთ, რომ კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს დასრულდება და როგორც დაგეგმილი იყო, მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები არ ჩატარდება და კანონის დონეზე საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის დუბლირება აღმოფხვრილი გვექნება.

კანონპროექტის ჩაგდების გამო საზოგადოების რეაქციას ვიზიარებ, თუმცა მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სანამ პარლამენტი საქმიანობას თბილისში მდებარე პარლამენტში გააგრძელებდა, ქუთაისში მსგავსი პრობლემები არ იყო. ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არის, სხდომათა დარბაზში ხმაურია”, – განაცხადა ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.