სკოლებში თავდასხმების საწინააღმდეგოდ მასწავლებლების შეიარაღებაზე ტრამპის ინიციატივას განათლების სისტემაში უპირისპირდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას, რომ სკოლებში თავდასხმების საწინააღმდეგოდ მასწავლებლების შეიარაღება უნდა მოხდეს, განათლების სისტემის წარმომადგენლები უპირისპირდებიან. მათ პრეზიდენტის ინიციატივას „საშინელი იდეა“ უწოდეს.
აშშ-ის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ინიციატივის განხორციელება დაცულობის ცრუ განცდას გააჩენს და შედეგი მხოლოდ სკოლებში შეტანილი მეტი იარაღი იქნება. მისივე განცხადებით, ტრამპის ინიციატივა სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს.
იარაღის ტარების წინააღმდეგ გამოდიან მასწავლებლებიც. მათი განცხადებით, შეიარაღებული მასწავლებელი ის გარემო არ არის, სადაც მოსწავლეები განათლებას უნდა იღებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკოლებში მასობრივი ხოცვის პრევენციის მიზნით, მასწავლებლების შეიარაღების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტმა ამის შესახებ სენდი ჰუკისა და პარკლენდის სკოლებში დაღუპული ბავშვების მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა.
„რომელიმე სკოლაში, რომელსაც თავს დაესხნენ, მასწავლებელს იარაღი რომ ჰქონოდა, ის ბავშვების გადარჩენას მოახერხებდა. მასწავლებლებმა უნდა გაიარონ სპეციალური წვრთნები, გადამზადება და ეს იქნება გამოსავალი, შეჩერდეს ძალადობა და თავდასხმა სკოლებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მეხუთე დღეა, იარაღის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. ფლორიდის პარკლენდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპული მოზარდების მშობლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და იარაღზე კონტროლი გაამკაცროს.