სკოლების გახსნის პარალელურად, სავალდებულო ხდება მასწავლებელთა ორ კვირაში ერთხელ ტესტირება
სკოლების გახსნის პარალელურად, სავალდებულო ხდება მასწავლებელთა ორ კვირაში ერთხელ ტესტირება.
ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა.
„ბუნებრივია, სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ. უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში ერთ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება,“, – განაცხადა მაია ქციტიშვილმა.