„სკოლაში უნდა იყოს მხოლოდ მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კარგი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან“
„სკოლაში უნდა იყოს მხოლოდ მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კარგი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  გახარიას განცხადებით, სკოლაში უნდა იყოს მხოლოდ მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  დაახლოებით ორი კვირით ადრე, სანამ ხორავას ქუჩაზე  ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული იყო გადაწყვეტილება და თბილისში, რამდენიმე სკოლასთან, დაწყებული იყო პატრულირება დილის საათებში მძიმე მოძრაობის დარეგულირების მიზნით, ასევე მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად.

„სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა და ახლა ჩვენ უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურის ეფექტურობა და შემდეგ, რა თქმა უნდა, პატრულის როლი აქ შეიცვლება. ჩვენ გვესმის, როდესაც მოქალაქეები ამბობენ, რომ  არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ  მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ. სკოლაში უნდა იყოს მხოლოდ მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურის სამსახურებზე“,- განაცხადა გახარიამ.