ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე დღეს unicef-მა და პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელეს. ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად, კანონის პრაქტიკაში განხორციელებაზე და მის ტექნიკურ ნაწილზე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია მიაწოდეს და რეკომენდაციები გაუწიეს. მიზანი კანონის დებულებების, ეროვნული სტანდარტების შინაარსისა და მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობის გააზრებაა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეგიონალური შეხვედრები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან გაგრძელდება.
“ოთხწლიანი რეფორმაა. ეს არის უდიდესი რეფორმა, რომელზეც ყველა სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც აღიარებულია განათლების პირველ საფეხურად, აღზრდის, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების გათვალისწინებით უნდა გადაეწყოს სრულიად თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე. ამ რეფორმის პროცესში მუნიციპალიტეტებს აქვთ უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან სწორედ ისინი ახორციელებენ ავტორიზაციის პროცესს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ ყველა საჯარო დაწესებულებამ და კერძო ბაღებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია”, – აღნიშნავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი 2016 წელს მიიღო, რაც ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობას, თანასწორ შესაძლებლობებს და ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. რეფორმა 2016-2020 წლებს მოიცავს.
ტექნიკური დახმარება საკანონმდებლო სტანდარტების შემუშავებაში პარლამენტსა და მთავრობას გაერო-ს ბავშვთა ფონდმა გაუწია.