სკოლა ვალდებული იქნება, სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს
სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს.
შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 14 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს განათლების მინისტრი დაამტკიცებს. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარებს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ 2023 წლის პირველ იანვრამდე, სამინისტრომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.
ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის განათლების კომიტეტია, რომელიც განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო სკოლების 2 500 შენობიდან სამედიცინო პუნქტი 532 შენობაში ფუნქციონირებს. 2 023 წლის პირველ იანვრამდე კი სამედიცინო პუნქტები საჯარო სკოლის 2 000 შენობაში უნდა შეიქმნას.
კომიტეტის ცნობით, თითოეული სამედიცინო პუნქტის აღჭურვას საშუალოდ 5 000 ლარი ესაჭიროება, რომელშიც შედის ინვენტარი და აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები. კომიტეტის ინფორმაციით, დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დამატებით, დაახლოებით, 10 000 000 ლარის გამოყოფა.