სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინირებით, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო, დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში.
„ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის – 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.