სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ
გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ. დელეგაციის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრობლემების შესახებ, რაც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას აქვს. ელჩებმა დაათვალიერეს წეროვანში დევნილთა დასახლებაც.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ყოველწლიურად სტუმრობენ. ტურის მიზანი საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და გაერო-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაა.