სხვა ფრინველებისგან თავის დასაცავად, ყვავებმა და კაჭკაჭებმა ბუდეების აშენება ფრინველთა მოსაგერიებელი წვეტიანი მავთულებით დაიწყეს — #1tvმეცნიერება
ბუდეების ასაშენებლად, კაჭკაჭები და ყვავები შენობებიდან შეგროვებულ ფრინველების საწინააღმდეგო წვეტიან მავთულებს იყენებენ.
ლითონის ამ გრძელი მავთულების დანიშნულება ფრინველების მოგერიებაა, რათა ისინი კონკრეტულ ადგილას ვერ დასხდნენ. თუმცა, ზოგიერთმა ჭკვიანმა ფრინველმა ევროპაში მათი თავის სასარგებლოდ გამოყენება ისწავლა.
„ნამდვილ ხუმრობას ჰგავს, ჩემთვის, ბუდეების მკვლევრისთვისაც კი. ყველაზე გასაოცარი ბუდეებია, რაც კი ოდესმე მინახავს, “, — ამბობს ნიდერლანდების ბუნებრივი მრავალფეროვნების ცენტრის ბიოლოგი აუკე-ფლორიან ჰიმსტრა.
ირონიულია, მაგრამ როგორც თითქმის მთლიანად ამ მასალებისგან დამზადებული ბუდეების კვლევის შედეგად გაირკვა, კაჭკაჭები მავთულებს მათი თავდაპირველი დანიშნულებით იყენებენ: სხვა ფრინველების მოსაგერიებლად.
ჰიმსტრა და მისი კოლეგები პუბლიკაციაში მათ მიერ შესწავლილ, ფრინველების მოსაგერიებელი მავთულებით აგებულ შავი ყვავებისა (Corvus corone) და კაჭკაჭების (Pica pica) ბუდეებს აღწერენ.
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მათ ამ ბუდეების ორი მაგალითი აღმოაჩინეს. ფრინველების მოსაგერიებელი სულ მცირე 16 მავთულისგან აგებული ყვავის ბუდე 2009 წელს ვერხვის ხეზე აღმოაჩინეს, 2021 წელს კი ასეთივე მასალისგან ნაშენ, ყვავის დაუმთავრებელ ბუდეს ტირიფის ხეზე მიაგნეს, გასხვლისას.
ეს გასაოცარი სტრუქტურა 336 მავთულისგან შედგებოდა, სიგანეში თითქმის რვა მეტრი იყო და ყველა მავთულს ემჩნეოდა შენობებზე მათი მისაკრავი წებოს კვალი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი კედლებიდან ძალით იყო ამოძრობილი. ბუდეში გამოყენებული იყო ფრინველების საწინააღმდეგო ბადეც.
ფრინველების მოსაგერიებელი მავთულებით ყვავების მიერ აგებული ბუდეებიდან ამ მასალებს შემდეგ კაჭკაჭები იპარავენ საკუთარი მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი ამბავია.
2021 წელს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, შაქრის ნეკერჩხლის ხეზე კაჭკაჭის ბუდე იპოვეს, რომლის სახურავიც მთლიანად ფრინველების მოსაგერიებელი მავთულებისგან იყო აგებული. 604 წვეტიანი მავთულის სიგრძე ჯამში 16,72 მეტრი იყო. გუმბათოვან სახურავში მათი ჩალაგება კიდევ უფრო კონკრეტულ გამოყენებაზე მიუთითებდა: საჰაერო თავდასხმისგან დაცვაზე.
კაჭკაჭის კვერცხები და ბარტყები ყვავებისთვის გემრიელი ლუკმაა. ამიტომ, ყვავები ხშირად ცდილობენ, რომ კაჭკაჭებს ასეთი სახურავიანი ბუდეების აშენებაში ხელი შეუშალონ.
ყვავების მოგერიების აშკარა მცდელობაში, ბუდის გადასახურად კაჭკაჭები იყენებენ ეკლიან ტოტებს და ამისათვის შესაფერისი მასალის შესაგროვებლად საკმაოდ შორსაც მიდიან.
ამიტომ, ჰიმსტრა და მისი ჯგუფი ფიქრობს, რომ ამ ბასრ, ხელოვნურ მასალებს ისინი კონკრეტულად ბუდის დასაცავად იყენებენ. ურბანული ზონების ბინადარი კაჭკაჭები მავთულებით სწორედ ეკლიან ტოტებს ანაცვლებენ, რადგან დიდ ქალაქებში ისინი არც ისე ადვილად საპოვნელია.
2021 წელს გლაზგოში იპოვეს კაჭკაჭის ბუდე, რომელიც ფრინველების საწინააღმდეგო 12 მავთულით იყო გადახურული. 2023 წელს ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, ქლიავის ხეზე მიაგნეს კაჭკაჭის კიდევ ერთ ბუდეს, რომელიც ფრინველების საწინააღმდეგო პლასტმასისა და ლითონის მასალებისგან იყო აგებული.
ფრინველების ადაპტირების უნარი აქამდეც იყო გამოხატული ისეთ ქმედებებში, როგორიც არის მათ მიერ სხვადასხვა ხელოვნური მასალის გამოყენება, მაგალითად, ლურსმნების და ხრახნების, მავთულხლართების, გადაყრილი შპრიცების.
2019 წელს, ავსტრალიაში ვიდეო გადაუღეს გოგირდისფერ ქოჩრიან კაკადუს (Cacatua galerita), რომელიც შენობებიდან ფრინველების მოსაგერიებელი წვეტიანი მავთულების მოძრობაშია გართული. ეს არსებები მრავალ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ ადამიანთა მიერ შემუშავებული ბარიერების გადასალახად.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დღეს დედამიწაზე ბიომასაზე მეტი ანთროპოგენური მასალებია; შესაბამისად, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ფრინველებმა მათი გამოყენება დაიწყეს. თუმცა, ხელოვნური მასალების გამოყენება ზოგჯერ მათთვის სახიფათოა.
ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანთა მიერ დამზადებულ მასალებს ბუდის ასაშენებლად ფრინველის 176 სახეობა იყენებს, რასაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
კვლევის ავტორის, ვარშავის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგის, ზუზანა იაგელოს განცხადებით, ეს შემაშფოთებელია, რადგან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ასეთმა მასალებმა შეიძლება დააზიანოს როგორც ბარტყები, ისე ზრდასრული ფრინველები.
ფრინველები შეიძლება ძაფებში გაიხლართონ და დაიხოცონ; ამას გარდა, ხელოვნური მასალების ნათელი ფერები მტაცებლებს ბუდეების პოვნაში ეხმარება.
სიგარეტის ნამწვავების მასალა ფრინველების ბუდეებს პარაზიტებს აშორებს, მაგრამ ზრდის ქრომოსომურ პათოლოგიათა შემთხვევებს. ხშირად, ამ ნამწვავებით დედა ფრინველები ბარტყებს შეცდომით კვებავენ, რასაც იგივე ეფექტი აქვს, რაც პლასტმასის გადაყლაპვას.
„წვეტიანი მავთულებით ბუდეების აშენება გვიჩვენებს, რამდენად მოქნილია ფრინველების ეს ქცევა და მათ მიერ მასალების გამოყენება“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Deinsea-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია hetnatuurhistorisch.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.