სხდომების გამცდენი დეპუტატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება
სხდომების გამცდენი დეპუტატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება

საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტების სხდომების გამცდენ დეპუტატთა სია ყოველთვიურად მომზადდება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესაბამის ცვლილებას რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

სიის შედგენას და მის გამოქვეყნებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს. ამასთან, პროექტით, ახლებურად ყალიბდება ხელფასის დაკავების საკითხიც. კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს, რის შემდეგაც თანხის დასაკავებლად სია საფინანსო დეპარტამენტს ეგზავნება.

რაც შეეხება ფულად სანქციებს, პროექტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რეგისტრაციას არ გაივლის, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხელფასის 5 პროცენტი დაუკავდება, მაგრამ ეს დღის განმავლობაში 10 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს.

ამასთან, ცვლილებებით, პარლამენტის წევრს პასუხისმგებლობა კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაშიც დაეკისრება. ცვლილებებით, პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორზე მეტი გაცდენილი თითოეული, ხოლო რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი სხდომისთვის, ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება.