ყოფილი დიპლომატი და ავსტრიის დიპლომატიური აკადემიის დირექტორის მოადგილე საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ განსხვავებით სკეპტიკოსი ქვეყნებისგან, როგორებსაც ევროკავშირში გერმანია, საფრანგეთი თუ ნიდერლანდები წარმოადგენენ, ავსტრია ერთგული რჩება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების იდეის და ქვეყნის დახმარებას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით აგრძელებს. დიპლომატის თქმით, მიუხედავად ავსტრიის შიდა პოლიტიკაში არსებული ცვლილებებისა და მოახლოებული არჩევნებისა, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ცვლილებებს ევროკავშირში, კეპლერ-შლეზინგერის თქმით, ვიდრე ევროკავშირი, უკვე ახალი შემადგენლობით მის შიგნით არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებს, ახალი წევრების მიღებაზე ფიქრი ნაადრევია.
ვენის დიპლომატიური აკადემიის დირექტორის მოადგილის თქმით, საქართველოთი ინტერესი დიპლომატიურ აკადემიაშიც საგრძნობია, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რვა კონფერენცია ჩატარდა საქართველოს თემატიკაზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირში გაწევრიანების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა თუ რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია, საქართველო ევროსტრუქტურებისკენ მიისწრაფვის, ამ გზაზე ჩვენ ხშირად გვესმის მხარდამჭერი გზავნილები, თუმცა ეს უფრო ხშირია, ვიდრე ხელშესახები შედეგები. რა უნდა იყოს საქართველოს მიდგომა და ფილოსოფია, რომ ამ რთულ მოცემულობაში მიიღოს უფრო მეტი დიპლომატიური მხარდაჭერა?
დიპლომატები ზოგჯერ აღიქმებიან ადამიანებად, რომლებიც მხოლოდ უსარგებლო საუბრით არიან დაკავებულები. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რადგან ეს სტერეოტიპია. ვთვლი, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და ქმედებაზე ორიენტირებული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებებით. პასუხად ვფიქრობ, რომ კარგი საწყისი წერტილი კარგი განათლებაა ახალგაზრდებისთვის, ასევე იმ საჯარო პირებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ საჯარო სექტორში, პარლამენტში, სამინისტროებსა თუ ა.შ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოერგონ იმ საერთაშორისო ქსელს, რაც დღეს არსებობს, რაც გულისხმობს თითოეულ თამაშში სწორი პარტნიორის ძიებას, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა განხრით. საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ამ ფორმატის 10 წლის იუბილეს, რაც გარდამტეხი წერტილიცაა. ავსტრია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს მტკიცედ უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის სამიზნე ქვეყანა ავსტრიის განვითარების სააგენტოსთვისაც, რომელსაც საკმაოდ ხელგაშლილი მხარდამჭერი პროექტები აქვს.
საინტერესოა, როგორ აღიქმება საქართველო ევროპაში, როგორია მისი ანალიზი, ხედავენ თუ არა ქვეყანას რეალურ პარტნიორად თუ ამაზე საუბარი ნაადრევია?
ამ საკითხის განზოგადოება რთულია, რადგან დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რღვევის ეპოქაში. ავსტრია ყოველთვის ახლოს იყო რკინის ფარდასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კი, რაც 1995 წელს მოხდა, ბევრი ადამიანის გონებამ ცენტრისკენ გადმოინაცვლა, თუმცა ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აღმოსავლეთ ევროპისკენ ყურებას, განსხვავებით, მაგალითად, საფრანგეთისგან ან დიდი ბრიტანეთისგან. ავსტრია ბოლო 30 წლის განმავლობაში სწორედ ამითაა დაკავებული და ამავდროულად ცდილობს აუხსნას ეს ფენომენი ევროკავშირის სხვა წევრებს. შესაძლოა ჩვენს მეზობლებს სხვა ქვეყნებზე უკეთ ვიცნობთ, ამიტომ ავსტრიელი დიპლომატები და პოლიტიკოსები საქარველოს ხედავენ განსხვავებულ ჭრილში, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეკონომიკური მიმართულებით კი ეს ძალიან ძლიერი მხარეა, ჩვენი კომპანიები საქართველოში ახორციელებენ ინვესტიციებს. პოლიტიკურ დონეზე კი მთავრობა მიესალმება საქართველოს, რამდენიმე წლის წინ გავხსენით ჩვენი საელჩო, ეს კი საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების გასამყარებლად ქმედითი ნაბიჯი იყო. საქართველოს მიმართ ავსტრიის ინტერესი უდავოა, იმის ინტერესი, რომ საქართველო მაქსიმალურად ახლოს მოვიზიდოთ ევროკავშირთან, ბევრი გაგებით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, განათლების დონით, კანონმდებლობით თუ სხვა. არ ვიცი, რას ფიქრობენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, მაგრამ ეს ნამდვილად არის ავსტრიის მკაფიო სურვილი.
უნდა ველოდოთ თუ არა ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ მიდგომების ცვლილებას 26 მაისის არჩევნების შემდეგ? მზადაა თუ არა ევროკავშირი სიახლეებისთვის თუ ახლა უფრო მეტად შიდა კონსოლიდაციით იქნება დაკავებული?
ეს დღეს ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვისურვებდი, რომ ამ რთულ საკითხზე პასუხი მქონდეს. აღსანიშნავია, რომ ავსტრია მკაფიოდ ადვოკატირებდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირთან მოლაპარაკებებისა და მისი წევრობის საქმეში. კომისიამ უკვე მისცა მწვანე შუქი ამ ქვეყნებს, რადგან მათ შეასრულეს საშინაო დავალება და არიან მზად, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. არიან ქვეყნები, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შესაძლოა სხვებიც, რომლებიც უფრო მეტად სკეპტიკურები არიან ამ საკითხთან მიმართებაში. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივხედოთ ყველა იმ პრობლემას, რაც ევროკავშირში გაგვაჩნია. იმ პრობლემებს, რაც გვაქვს უნგრეთთან და პოლონეთთან დაკავშირებით, გვაქვს ბრექსიტი, რაც ნაცრისფერი ღრუბელივითაა ჩვენს თავზე. სანამ ამ საკითხებს არ მოვაგვარებთ, წევრების რაოდენობას ვერ გავზრდით. თუმცა ავსტრიას აქვს თავისი ხედვა, მაგალითად, ალბანეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვიცით, რომ აქ ხალხი და პოლიტიკური ელიტაც უფრო და უფრო იმედგაცრუებულია, ახალგაზრდებს აღარ სურთ საკუთარ ქვეყნებში ცხოვრება, მათ სურთ ევროკავშირის პასპორტი და თუ მას ვერ მიიღებენ თავიანთ ქვეყნებში, წამოვლენ ავსტრიაში, გერმანიაში, მათი დიდი ნაწილი ძალიან ჭკვიანი, გონებაგახსნილი ადამიანები არიან, ეს ტვინების გადინებაა, რაც დამეთანხმებით ამ ქვეყნების მომავლისთვის სულაც არაა კარგი ამბავი. მართალია, საქართველო შედარებით შორსაა, ასე ვთქვათ, ევროპის მეორე რგოლშია, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პლატფორმა, სადაც მეტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ძალების გაერთიანებით სხვა აღმოსავლელ პარტნიორებთან ერთად.
თითქმის ყოველი გაფართოების ტალღა ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნისთვის ერთდროულად განხორციელდა, ხელსაყრელია თუ არა საქართველოსთვის მოიაზრებოდეს უკრაინასთან ერთად, რადგან სამწუხაროდ, იგი კვლავ ომის მდგომარეობაშია. როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება გაწევრიანებას?
ამ კითხვას ვერავინ უპასუხებს გულწრფელად. უკრაინასთან ყველაფერი უფრო იოლად იყო, ვიდრე ყირიმს რუსეთი წაიღებდა. თქვენ უნდა ნახოთ ძლიერი პარტნიორი ევროკავშირში და მის სამეზობლოშიც. ავსტრია ევროკავშირში 1995 წელს გაწევრიანდა, ანუ არც ისე დიდი ხნის წინ, ქვეყნების ჯგუფთან ერთად. რუმინეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით კი განხორციელდა ბოლო რაუნდი. კარგი იქნებოდა, პარტნიორის პოვნა, რომლებთან ერთობლივი ძალებით უბიძგებთ პროცესებს, რომ შეამციროთ დისტანცია ევროკავშირამდე. თქვენ გაქვთ ასოცირების ხელშეკრულება და ვფიქრობ, მეტი წყარო, კონტაქტი და პარტნიორი უნდა ნახოთ ამ საქმეში. დღეს გლობალური ძალების დრო მოდის, როგორიცაა, ჩინეთი. ისინი ინვესტიციებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ იდეების დონეზე, გავლენების მოსაპოვებლად. დარწმუნებული ვარ, ჩინეთის მიზანი საქართველოცაა. ეს კი ევროკავშირის ინტერესში არ არის. პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირი ძალიან ნელი ინსტიტუციაა. წარმოგიდგენიათ, როგორია 28 წევრი ქვეყნის ერთმანეთთან მოლაპარაკების პროცესი?! ამას სჭირდება დრო, მოთმინება და სოლიდური ქსელი, ძლიერი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც აქვთ სწორი ხედვა, სუფთა წარსული, ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ მოლაპარაკებები აწარმოონ ფრანგებთან, გერმანელებთან. ავსტრია კი საქართველოს ლოგიკური პარტნიორია, რადგან ჩვენი ტენდენციაა, რომ ყურადღებით ვუყუროთ პატარა და საშუალო ქვეყნებს. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, ორივე მთაგორიანი ქვეყანა ვართ, ტურიზმითა თუ სხვა საერთო ინტერესებით. მე მხოლოდ იმის მოწოდება შემიძლია ადამიანებისთვის, რომ ისწავლონ მეტი საზღვარგარეთ და დაუბრუნდნენ ამ ცოდნით საკუთარ ქვეყანას, მის სასარგებლოდ.
სავარაუდოა თუ არა, რომ არჩევნების შემდეგ ავსტრიის ახალმა მთავრობამ შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ?
ფუნდამენტურად ავსტრია არ შეცვლის მიდგომას, ჩვენ ახლა გვყავს დროებითი მთავრობა, საკმად გამოცდილი მინისტრებით. ისინი არ არიან პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებული, შესაძლოა რომელიმე მათგანთან იდეურად ახლოს იდგნენ, მაგრამ არ წარმოადგენენ მათ. არჩევნები შემოდგომაზე გვექნება, გვყავს საკმაოდ სოლიდური პოლიტიკური პარტიები, ამიტომ, ვფიქრობ, პოლიტიკური გარემო დიდად არ შეიცვლება. სოციალ-დემოკრატები ამჟამად თავიანთი იმიჯის განახლებით არიან დაკავებულები. ასევე გვყავს ძალიან სოლიდური ცენტრალური ბლოკი, ასევე მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც მარგინალიზებული იყვნენ ბოლო სკანდალის შემდეგ. ყველა ერთად რომც ავიღოთ, ავსტრიის საგარეო კურსი არ შეიცვლება, დიდი კოალიციის არსებობის შემთხვევაშიც კი.