„სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატი - კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა ექვს კომპანიას შორის კარტელის საკითხზე დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა ექვს კომპანიას შორის კარტელის არსებობის საკითხზე დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა.
„სიტროენის“ მოთხოვნა და საჩივარი ეხებოდა ორ საკითხს. ერთი იყო, რომ სახელმწიფო შემსყიდველი კომპანიები აკეთებდნენ პრეფერენციებს. მეორე საკითხი – ჩვენ ვამბობდით, რომ კარტელი იყო ექვს კომპანიას შორის. ეს იყო ტარიელ ხეჩიკაშვილის სამი კომპანია და დამატებით კიდევ სამი სხვა კომპანია. ამ კარტელზე დაიწყო მოკვლევა, რადგან ჩვენი საჩივარი სრულიად საფუძვლიანად იქნა ჩათვლილი. ეს არის „სიტროენ ჯორჯიას“ პირველი დიდი გამარჯვება“, – აღნიშნა ირაკლი კორძახიამ.
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა მოპასუხეების შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შესაძლო შეთანხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შეფასებას, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოკვლევა აღნიშნული მოპასუხეების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის შესწავლას პერიოდულად ახორციელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც კონკურენციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.